მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის, ლევილი და საქართველო - ეს არის საერთო კულტურა, რომელიც ღრმა მეგობრობას ამყარებს - ლევილის მერი

ლევილი

 საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟში მერის ტრადიციული ღონისძიება (Cérémonie de vœux) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ლევილის მერმა, ერიკ ბრევმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ერიკ ბრევმა მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ლევილის მამულის პროექტის მნიშვნელობას.

„ქართული მამულის სრული რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. შატოს, ბიბლიოთეკისა და სხვადასხვა პავილიონის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. ქართული რესტორანი „ოდაც“ დასკვნით ფაზაშია. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და მამულის ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული მრავალი ღონისძიებისთვის და ლევილელებისთვის გაღებული კარისთვის. ლევილი და საქართველო – ეს არის ორი განსხვავებული ენა, მაგრამ საერთო კულტურა, რომელიც გულწრფელ და ღრმა მეგობრობას ამყარებს“, – განაცხადა ლევილის მერმა.

ცერემონიას ესწრებოდნენ მუნიციპალური საბჭოს წევრები, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია და ლევილის მამულის ადგილობრივი მენეჯერი თეონა მელითაური.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.