ლევან მახაშვილი: საელჩოდან ლომჯარიას მანქანის გაპარება, მხოლოდ ერთი კომპონენტია მთელი იმ მავნებლობის, რასაც სამწუხაროდ ელჩი პეტერ ფიშერი აკეთებს უკვე რამდენი ხანია

ლევან მახაშვილი

საელჩოდან მანქანის გაპარება, მხოლოდ ერთი კომპონენტია მთელი იმ მავნებლობის, რასაც სამწუხაროდ ეს ელჩი [პეტერ ფიშერი] აკეთებს უკვე რამდენი ხანია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი ნინო ლომჯარიასა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პეტერ ფიშერის შეხვედრის სავარაუდო სასაუბრო თემას გამოეხმაურა.

„რაც საზოგადოებამ ნახა, ეს იყო იაფფასიანი მავნებლობა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია ის რაღაც საიდუმლოებით, ბურუსით მოცული დრამატიზმი, როგორც მოხდა ამ ადამიანის [ლომჯარიას] გაპარება საელჩოდან და გაპარება საზოგადოების და ჟურნალისტებისგან.

როდესაც მავნებლობ, სახელმწიფოსთვის მავნე საქმეს აკეთებ, რა თქმა უნდა დასამალი გაქვს ეს ინფორმაცია. საელჩოდან მანქანის გაპარება, მხოლოდ ერთი კომპონენტია მთელი იმ მავნებლობის, რასაც სამწუხაროდ ეს ელჩი [პეტერ ფიშერი] აკეთებს უკვე რამდენი ხანია. ვხედავთ, რომ მისი ქცევის წესად იქცა რატომღაც სახელმწიფოს მიმართ ცუდი განცხადებების, თუ ნაბიჯების გაკეთება. ამ ელჩის საქმიანობა გასცდა „ვენის კონვენციას“, - აღნიშნა მახაშვილმა.

„ქრონიკას“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე განიხილებოდა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით, ქართველი ხალხის დასჯის საკითხი.