სკანდალურ ბლოგერს, რომელიც მამაკაცებს ქალების გაუპატიურებას ასწავლიდა, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

არსენ მარქარიანი

რუსეთში ბლოგერს, არსენ მარქარიანი, ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ნაციზმის რეაბილიტაციის ორ ეპიზოდში და მეორე მსოფლიო ომის გმირის, ალექსანდრე მატროსოვი-ს შესახებ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30 წლის ბლოგერი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. ამასთან, მას პატიმრობის დასრულების შემდეგ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში ინტერნეტის გამოყენებაც აეკრძალა.

გამომძიებლების ინფორმაციით, მარქარიანმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საბჭოთა კავშირის გმირის ხსოვნას შეურაცხყოფდა. სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა და სინანული გამოთქვა. მან ასევე ითხოვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება — მათ შორის ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინა. პროკურატურა მისთვის ექვსი წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

არსენ მარქარიანი გასული წლის აგვისტოში დააკავეს, როდესაც რუსეთიდან ბელარუსში გამგზავრებას ცდილობდა. სამართალდამცველებმა ის ავტომობილის საბარგულში აღმოაჩინეს.

ბლოგერი ინტერნეტში განსაკუთრებით ცნობილი იყო სკანდალური და ხშირად ქალთმოძულე განცხადებებით. თავდაპირველად ის ვეგანიზმის თემაზე წერდა, თუმცა მოგვიანებით დაიწყო „მამაკაცის თვითგანვითარების“ კურსების ჩატარება, სადაც ხშირად ავრცელებდა ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ და ძალადობის გამამართლებელ იდეებს.

მიუხედავად მისი მრავალი სკანდალური განცხადებისა, საბოლოოდ ბლოგერი არა ამ მიზეზით, არამედ ისტორიული გმირის შეურაცხყოფისა და ნაციზმის პროპაგანდასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე გაასამართლეს.