იტალიელმა 120 ათასი ევროს ღირებულების ოქროს ზოდები ნაგავში გადააგდო

ოქრო

იტალიის ქალაქ ტორე ლაპილოში, 57 წლის მამაკაცმა 20 ოქროს ზოდით სავსე ყუთი ნაგავში გადააგდო, იტყობინება RMF24 პორტალი. მათი ღირებულება 120 000 ევროა.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მამაკაცი რეგულარულად ინვესტირებდა თავის ქონებას ოქროს ზოდებში. თუმცა, შეცდომით, მან გადააგდო თუნუქის ყუთი, რომელშიც მათ ინახავდა. ის მხოლოდ მეორე დღეს მიხვდა თავის შეცდომას და პოლიციას დაუკავშირდა.

სამართალდამცველებმა ისტორიის ავთენტიკურობა ვიდეოთვალის კამერების გამოყენებით გადაამოწმეს. ჩანაწერებმა დაადასტურა მამაკაცის ისტორია. შემდეგ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ნაგავი უკვე გადატანილი იყო მეზობელ ქალაქ უგენტოში მდებარე ნაგავსაყრელზე.ნაგავსაყრელზე აქტიური ძებნა დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურების წყალობით, ნაპოვნია ყუთი, რომელშიც ყველა ოქროს ზოდი იყო.