"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
შეგვიძლია ვთქვათ, ყინული დაიძრა. როგორც იქნა, ევროპის საბჭომ აღიარა, რომ გარე ჩარევები პრობლემაა, ეს არ არის ცალკეული პოლიტიკური პროცესებიდან ნაკარნახევი ხელოვნურად შექმნილი საკითხი, არამედ ეს არის რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, ევროპის საბჭოს ბევრი წევრი სახელმწიფო დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თითოეული ქვეყანა სხვადასხვა პროცესში იმ პრობლემის წინაშე დგას, რომ სხვა ქვეყნები მათ შიდა საქმეებში მანიპულაციებით, დეზინფორმაციით და სხვა ხერხებით პირდაპირ ერევიან, შემდგარი ფაქტია, რასაც ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს.
„ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, მოიკვლიოს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ევროპის საბჭოს ფარგლებში და საუბარია იმაზე, რომ ამ სახელმწიფოებს კონკრეტული მექანიზმები შესთავაზოს, რა შეიძლება, იყოს გამოსავალი, რომელიც ერთი მხრივ, პატივს სცემს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივაც გამართული იქნება. სწორედ ამ კონტექსტში მოგვმართა საქართველოსაც და აინტერესებს, რა გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. ბევრი ჩამონათვალია საბოტაჟიდან დაწყებული, არჩევნებში ჩარევით დამთავრებული. ჩვენ ჩვენს გამოცდილებას, კანონმდებლობას, ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს თავი მოვუყარეთ და მივაწოდეთ. ჩვენ გადავუგზავნეთ საქართველოს გამოცდილება უცხოურ გავლენებთან გამკლავების და ბრძოლის მიმართულებით. რაც კი იყო კანონმდებლობა – გამჭვირვალობის კანონიდან დაწყებული უკანასკნელი კანონპროექტებით დასრულებული. გადავუგზავნეთ, გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის საქართველო ამ კონკრეტულ პრობლემას. დანარჩენი ევროპის საბჭოს გადასაწყვეტია, ნახონ, რა იქნება საუკეთესო გამოცდილება მათთვის ისეთი, რაც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნებმაც შეიძლება გამოიყენონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას ისმენდა, პრობლემასაც კი არ აღიარებდნენ, არ ამბობდნენ, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს.
„ყოველთვის გვეუბნებოდნენ, თქვენ ცარიელ ქარიშხალს ებრძვით და რეალურად, სხვა მიზნები გამოძრავებთო. ახლა გამოჩნდა, ეს რეალური და სისტემური პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული და მძიმე გახდება ევროპის საბჭოს ქვეყნებისთვის. ევროპის საბჭოს ექსპერტების გადაწყვეტილებაც ესაა, რომ უფრო სისტემურად, მასშტაბურად და სერიოზულად მიხედონ პრობლემის აღიარებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაიზარება სთხოვა. ამასთან, აღნიშნული თხოვნით წერილი ევროსაბჭოსგან მიიღო საქართველომაც, როგორც ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ.