ლევან მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ასეთი ელჩი ჰყავს - თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება. თუ არ ვცდები, მას მისია ზაფხულში უმთავრდება და იგი თავის ქვეყანაში წაბრძანდება

ლევან მაჭავარიანი

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩი ჰყავს ევროკავშირს და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ასეთი ელჩი ჰყავს - ფაქტობრივად, მისი სურვილია, რომ ეს ურთიერთობა დაინგრეს. თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება. თუ არ ვცდები, მას მისია ზაფხულში უმთავრდება და იგი თავის ქვეყანაში წაბრძანდება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მან ისაუბრა, თუ რას უკავშირდება საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი ელჩის მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკის გამწვავება.

„მათ არ სიამოვნებთ, რომ ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობთ; ვერ გვაპატიეს ის, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით; ვერ გვაპატიეს ის, რომ ჩვენ არ ვატყუებდით ჩვენს საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინა რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა; ვერ გვაპატიეს ის, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ და ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგურეთ; ვერ გვპატიობენ იმას, რომ მოხალისეები არ გავუშვით საბრძოლველად მთავრობის ოფიციალური თანხმობით და პირდაპირ ესკალაციაში არ შევედით რუსეთთან და მსგავსი საკითხი მე შემიძლია ძალიან ბევრი ჩამოვთვალო - ის უალტერნატივო ნაბიჯები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა და ვერ გვპატიობენ იმასაც, რომ ჩვენ სიმართლეზე საუბარი დავიწყეთ ყველაზე ადრე და იმ სიმართლეზე საუბარი, რაც გაიმეორა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ. ეს ყველაფერი ასახეს მათ თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში. მასა ვერ გვპატიობენ.

ესტონეთისა და ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულება კარგად ვიცით და პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად არაფერი დაგვაკლდება, მათი ელჩი საქართველოში იქნება, თუ - არა. რაც შეეხება ბატონ ჰერჩინსკის, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება მისგან დეზინფორმაციის მოსმენას მოეჩვია. რაც შეეხება ბატონ ფიშერს, ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ რადიკალების აქტივისტად, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ კორუფციაშია მხილებული - ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას; ადამიანი, რომელიც პოზირებს ყველაზე ექსტრემისტ-რადიკალ აქტივისტებთან და შემდეგ დებს განცხადებას, რომ თურმე, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები; ადამიანი, რომელიც დადის სასამართლო პროცესებზე, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე; ახლახან ერთ-ერთი მდიდარი „ენჯეოს“ წარმომადგენელი, კაპიტანი გიგაური, მისი სახლიდან გამოვიდა და სავარაუდოდ, ფარული შეხვედრა ჰქონდათ - იქაც საუბრობდნენ შავი გზებით „ენჯეო“ სექტორის დაფინანსებაზე, როგორც მარტა კოსი და ლორა თორნტონი საუბრობენ და იმუქრებიან უცხოეთიდან.

მათ განცხადებებზე პასუხისმგებლები ჩვენ ვერ ვიქნებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩი ჰყავს ევროკავშირს და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ასეთი ელჩი ჰყავს და ასეთი ნაშენები ურთიერთობა, ფაქტობრივად მისი სურვილია, ეს ურთიერთობა დაინგრეს. თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება. თუ არ ვცდები, მას მისია ზაფხულში უმთავრდება და იგი თავის ქვეყანაში წაბრძანდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.