ლევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე. ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან

ლევან მაჭავარიანი

ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ნებისმიერ დროსაა მზად ამერიკულ მხარესთან ურთიერთობის გადასატვირთად.

„ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონ დონალდ ტრამპს, ღირებულებით ნაწილში, პოლიტიკურ მსოფლმხედველობითში, უკრაინის ომთან, „ენჯეო“ სექტორთან, ევრობიუროკატებთან მიმართებაში სრული თანხვედრა გვაქვს.

საზოგადოებამ იხილა ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილები და ყველა დონეზე გაკეთებული განცხადება, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, ამერიკულ მხარესთან დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლელი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გამოჩნდება, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს. შესაბამისად, ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე. ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.