ლევან მაჭავარიანი: ბოლო პერიოდში მიღებული პოზიტიური სიგნალები გვაძლევს საფუძველს, ოპტიმისტური განწყობა გვქონდეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით

ლევან მაჭავარიანი

იმის ფონზე, რომ საქართველოსა და ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას შორის არის უამრავი თანხვედრა ღირებულებების, მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური გზავნილების კუთხით, ბოლო პერიოდში მიღებული პოზიტიური სიგნალები გვაძლევს საფუძველს, ოპტიმისტური განწყობა გვქონდეს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, საქართველო სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმშია და მზად არის, ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„ძალიან სასიამოვნო სიგნალებია. დავიწყოთ იმით, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თავის კოლეგასთან და იქ ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიხილეთ ნიკოლოზ სამხარაძე, სადაც ასევე უმაღლესი დონის შეხვედრები შედგა. ახლა კი ბატონი რუბიოს ზარი პრემიერ-მინისტრთან – ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს საფუძველს, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეალური პარტნიორობის დაწყების მიმართულებით. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან გაჭიანურდა, თუმცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი პოზიცია იცის. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, გავწეროთ გზამკვლევი დროსა და სივრცეში, სადაც განსაზღვრული იქნება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარემ, რათა ორივე ქვეყნის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.

მოლოდინის რეჟიმში ვართ და ეს მოლოდინები ოპტიმისტურია, თუმცა მოვლენებს ვერ გავუსწრებთ და უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები. იმის ფონზე, რომ საქართველოსა და ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას შორის არის უამრავი თანხვედრა ღირებულებების, მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური გზავნილების კუთხით, ბოლო პერიოდში მიღებული პოზიტიური სიგნალები გვაძლევს საფუძველს, ოპტიმისტური განწყობა გვქონდეს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. წინა ადმინისტრაციის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო ის, რომ დღემდე ურთიერთობებში გაურკვევლობაა, თუმცა ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ამ მიმართულებით შესაბამის პოზიტიურ სიგნალებსაც ველოდებით. ჩვენ სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში ვართ და მზად ვართ, ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. დეპარტამენტის ცნობით, „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა“.