1783194884
კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს ვინმეს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება - ლევან მახაშვილი
57 ქვეყნიდან 34-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მახაშვილის თქმით, წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი შემაშფოთებელ ტენდენციას ავლენს. მისივე განმარტებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მე-20 პუნქტის ფორმულირება.
„საქართველო კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა ეუთო-სთან, თუმცა არ შეგვიძლია, მივიღოთ დასკვნები იმ აშკარა მიზეზების გამო, რომლებიც არაერთხელ იქნა ახსნილი ეუთო-ს სხვადასხვა ან შესაბამის ფორმატებში. წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი მეტად შემაშფოთებელ ტენდენციას ავლენს, რადგან „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში მოცემული დებულებები წარმოდგენილია, როგორც მტკიცედ დადასტურებული ფაქტები, მაშინ როდესაც თავად ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია. მაგალითად, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მე-20 პუნქტის ფორმულირება, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობამ, ვციტირებ, „წამების ზღვარს მიაღწია“. ამგვარი ჩანაწერი თავად „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში საერთოდ არ არსებობს. მეტიც, ამავე რეზოლუციის პროექტის 55-ე პუნქტშიც აღნიშნულია, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია. შესაბამისად, მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციისა და ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, მე-20 პუნქტიდან აღნიშნული წინადადება ამოიღოთ, რადგან ის არ შეესაბამება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ფორმულირებას და წარმოადგენს ანგარიშის დასკვნების პოლიტიკურ ინტერპრეტაციას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი რეგულაციები ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტია, რომელიც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს აქვს საკუთარი საარჩევნო პროცესების, პოლიტიკური სისტემისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის უცხოური მავნე ჩარევისგან დასაცავად.
„პატარა ქვეყანას, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა და რთული რეგიონული გარემო აქვს, აქვს სრული საფუძველი, შექმნას შესაბამისი სამართლებრივი დამცავი მექანიზმები. ვინმეს კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს, დემოკრატიული და კონსტრუქციული პასუხი არასოდეს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, მისთვის ძირის გამოთხრა, გარე ზეწოლა ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება. სწორი გზა არის კანონის კონკრეტული ნორმების განხილვა და მათი სამართლებრივი საფუძვლებით გასაჩივრება. მათთვის, ვინც ამის შესახებ არ იცის, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამჟამად განიხილება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ეს არის სწორი სამართლებრივი გზა და არა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისა თუ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან საბოლოოდ ეს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციას დააზიანებს. ამიტომ კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური იარლიყების გამოყენებისგან და სამართლებრივი შეფასება მიანდონ სასამართლოებს, რომლებიც საკითხს მისი იურიდიული არსის საფუძველზე განიხილავენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.











