უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმში აეროდრომი დაბომბეს

ყირიმი

უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმში აეროდრომი დაბომბეს. გავრცელებული ცნობით, 5 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა იერიში მიიტანეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე „გვარდეისკოეს“ აეროდრომზე.

„გვარდეისკოეს“ აეროდრომი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო აეროდრომია დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. ის გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების განსათავსებლად, საბრძოლო გაფრენების მხარდასაჭერად, ლოგისტიკისა და თვითმფრინავების მომსახურებისთვის“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე დაბომბეს გუსელნიკოვოს მახლობლად, მდინარე გრუზკი იალანჩიკზე გადებული საავტომობილო ხიდი და დონეცკის ოლქში, სტარომარიევკას მახლობლად, მდინარე კალმიუსზე საავტომობილო ხიდი.

გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის სამ საწყობზე – დონეცკის რეგიონში მაკიევკასთან, ლუგანსკის რეგიონში დოვჟანსკთან და ხერსონის რეგიონში პრეობრაჟენკასთან.