1747980527
კომისიის ყოველ სხდომაზე მოსმენილი ისტორიები გამაოგნებელია იმ სისასტიკით, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს და იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა გურამ შარაძის საქმეზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებს - სოზარ სუბარი

პატრიარქთან, ეკლესიასთან, მეცნიერებასთან ბრძოლა, ყველა ავტორიტეტის განადგურება იყო სააკაშვილის რეჟიმის მიზანი და სადაც ამას ვერ ახერხებდნენ ცილისწამებითა და ტყუილების დაბრალებით, იქ უკვე სხვა მეთოდებს მიმართავდნენ, - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა დღევანდელ სხდომაზე, სადაც ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები განიხილეს.
სოზარ სუბარის თქმით, ეს საქმე კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ სისტემური დანაშაულის, რაც ქვეყანაში იყო გამეფებული.
„მართლა გაოგნებული ვარ იმით, რასაც ახლა ვისმენ და რა შრომაც გასწიეთ ამ წლების განმავლობაში, რომ ამ მკვლელობისთვის ნათელი მოგეფინათ. გურამ შარაძის შვილისგან შრომისუნარიანობა არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მაინც”, - მიმართა დეპუტატმა რუსუდან შარაძეს. „ამ საქმის სხვადასხვა დეტალთან სხვადასხვა დროს მქონდა შეხება. როცა გამოძიება ამბობდა, რომ მკვლელობის მომენტი სრულადაა ვიდეოზე გადაღებული, სადაც ყველაფერი თვალნათლივ ჩანს, ძნელი იყო ოფიციალური ვერსიის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეგვეტანა. შემდეგ გაჩნდა გარკვეული ეჭვები, მაგრამ მტკიცებულებები ნაკლებად იყო. ახლა კი, თქვენ რასაც ჰყვებით, მითუმეტეს, როცა ამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან პროკურატურის მიერ გამოძიებული მტკიცებულებები და ჩვენებები დევს, ცხადია, ეს ეჭვები უფრო ღრმავდება.
ეს საქმე კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ სისტემური დანაშაულის, რაც გამეფებული იყო ქვეყანაში. დღეს კიდევ ერთხელ დასახელდა ბევრი ისეთი გვარი, რომლებიც მუდმივად გვესმის კომისიის სხდომებზე: კუდის უფროსი დათა ახალაია; კუდისავე მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“; შსს მაღალჩინოსანი თენგიზ გუნავა, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ გახდა პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და სახე და სააკაშვილის მიერ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით; ასევე კოხტა კოდუა და მისი ბიძა, მეგის და ლევენ ქარდავები, სოსო თოფურიძე, რომელიც იყო კუდ-ის მთავარი სპიკერი და „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი სახე. ესენი არიან პოლიციისა და სასჯელაღსრულების ის მაღალჩინოსნები, რომელთა სახელსაც არაერთი დანაშაული უკავშირდება.
დღეს რუსუდან შარაძემ ასევე ახსენა პოლიციის მაღალჩინოსანი ზაზა ჭაია, რომლის სახელიც ასევე არაერთ დანაშაულთან არის ნახსენები. მაგალითად, მოწმეები ამბობენ, იგი პირადად მონაწილეობდა 2009 წლის 6 მაისს მომღერალ გია გაჩეჩილაძის სასტიკ ცემაში, კერძოდ, უკვე მიწაზე დაგდებულს და გონდაკარგულს სახეში ჩაარტყა წიხლები. და ეს ადამიანი 2010 წელს დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით“. 2012 წლის შემდეგ მან შექმნა არასამთავრო ორგანიზაცია და მორალს უკითხავს საზოგადოებას. არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირის ან სოროსის გრანტიც ჰქონდეს მიღებული პირობითი სახელით - „ადამიანის უფლებების დაცვა“ ან „კანონის უზენაესობა საქართველოში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატი გურამ შარაძის მოღვაწეობასაც შეეხო. „მთავარ კითხვას, რომელიც დასვა ქალბატონმა თეა წულუკიანმა - რატომ მოკლეს გურამ შარაძე? თქვენ ძალიან ზუსტი პასუხი გაეცით, როცა პოლიტიკური მკვლელობა ახსენეთ“, - მიმართა რუსუდან შარაძეს დეპუტატმა. „ბატონ გურამ შარაძეს სტუდენტობის დროიდან კარგად ვიცნობდი. ის იყო ცნობილი პროფესორი, 70-ზე მეტი წიგნის ავტორი, მარტო მისი ფუნდამენტური ორტომეული, „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. მართლა წარმოუდგენელია, როგორ ახერხებდა ერთი კაცი ჩვენი ისტორიისთვის უცნობი ამდენი წყაროს მოძიებას, გაანალიზებას, რედაქტირებას, დაბეჭდვას. ამ ყველაფერს სჭირდებოდა უზარმაზარი შრომა. ამის პარალელურად კი იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში.
მოგვიანებით, როგორც ჟურნალისტს, უფრო ხშირად მქონდა მასთან შეხვედრები და ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვეთანხმებოდი მის ხედვებს. ბევრ საკითხზე გვქონდა განსხვავებული ხედვა, მაგრამ დრო გადის და დღეს მეც განსხვავებულად ვუყურებ ბევრ საკითხს, ვიდრე მაშინ ვუყურებდი. მაგრამ, არა აქვს მნიშვნელობა, რაში ვეთანხმებოდი და რაში არა - ყველა შემთხვევაში ეს იყო ადამიანი, რომლის ცხოვრების მრწამსს ზუსტად გამოხატავდა მისი პოლიტიკური მოძრაობის სახელი - „საქართველო უპირველეს ყოვლისა - ენა, მამული, სარწმუნოება". ამ მრწამსს ემსახურებოდა მთელი ცხოვრება და მართლა წარმოუდგენელია, როგორც მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, როგორ ასწრებდა ამდენ რამეს. მე ვიცნობდი მის ბევრ მხარდამჭერს, რომლებსაც უსიტყვოდ სჯეროდათ მისი და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგებია, რომ სააკაშვილი გურამ შარაძეს აღიქვამდა, როგორც საფრთხეს მისი ძალაუფლებისთვის. ეს იყო ისეთი საფრთხე, რომლის განეიტრალება პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებით სააკაშვილის რეჟიმს არ შეეძლო, ამიტომაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმმა მის წინააღმდეგ ასეთ ბრუტალურ შედეგს მიმართა.
ზოგადად, სააკაშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი ავტორიტეტი, ისინი საფრთხეს ხედავენ ყველა ავტორიტეტში. ამიტომ ებრძოდნენ დღესაც ებრძვიან ისინი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ეკლესიას, ცნობილ მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს... ავტორიტეტების განადგურება იყო მათი მიზანი და სადაც ამას ვერ ახერხებდნენ ცილისწამებით, ტყუილების დაბრალებით, იქ უკვე უფრო მძიმე მეთოდებს, მათ შორის მკვლელობასაც მიმართავდნენ. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც დღეს მოვისმინეთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული და წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური მკვლელობა.
კომისიის ყოველ სხდომაზე მოსმენილი ისტორიები გამაოგნებელია იმ სისასტიკით, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს და იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა გურამ შარაძის საქმეზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.