"კომისიის ფორმატში აქტიურად ვმონაწილეობთ, განვაგრძობთ გამოკითხვის პროცესში მონაწილეობასაც" - ტატა ხვედელიანი ფასების შემსწავლელ დროებით კომისიაზე

ტატა ხვედელიანი

პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია იკრიბება. დეპუტატები ამჯერად ფქვილის, პურ-ფუნთუშეულის და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ.

საპარლამენტო კომისიის წევრების განმარტებით, შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებთან. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ ღია დისკუსიის შედეგად ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობა საბოლოო შედეგამდე მივიდეს, რათა მოსახლეობისთვის სურსათზე ფასი გაიაფდეს.

 

"მნიშველოვანია, რომ ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, შედეგებამდე მივიდეს და მოსახლეობისთვის გაიაფდეს პროდუქტი, ყველა ის საკითხი იყოს მოგვარებული რომელი მათ აწუხებთ. კომისიის ფორმატში აქტიურად ვმონაწილეობთ, განვაგრძობთ გამოკითხვის პროცესში მონაწილეობასაც", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.