კირცხალია: არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული - ნებისმიერ კავშირში უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ პრაგმატული პოლიტიკით

ირაკლი კირცხალია

როდესაც პრაგმატულ, სამშვიდობო პოლიტიკაზეა საუბარი, ევროკავშირი იქნება თუ ნებისმიერი ეკონომიკური კავშირი, არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება, რომ მან მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული. ნებისმიერ კავშირში უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ ამ პრაგმატული პოლიტიკით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც დებატები იმართება თემაზე - „ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი“. ​

„სწორედ ეს პოლიტიკაა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს და არ ვერიდებით ამას, როდესაც ჩვენ პროპაგანდას კი არ ვაწარმოებთ, ევროპულ ბიუროკრატიას ვეუბნებით რა არის სიმართლე, სად არის სიმართლე და ვეუბნებით, რომ ჩაიხედეთ თქვენივე შეკვეთილ და დაკვეთილ კვლევებსა და დასკვნებში, სად პოზიციონირებს თუნდაც ეკონომიკით თუ დემოკრატიული მიმართულებებით ჩვენი ქვეყანა. ამის შემდეგ, როდესაც ვისმენთ ასეთ რიტორიკას, კითხვები უჩნდებათ ჩვენს ოპონენტებს, თურმე როგორ ვბედავთ კითხვა დავუსვათ დღევანდელ მმართველ ელიტას ევროპაში," - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.