4 ოქტომბრის საქმეზე 14 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

ჩაქუჩი

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს გაიმართა დაკავებული 14 პირის პროცესი რომლებსაც გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ჯგუფურად მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

დაიკითხა სამი მოწმე, მათ შორის, დეტექტივი ირაკლი ლურსმანაშვილი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.

„სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გააგრძელა მტკიცებულებათა გამოკვლევა, დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის, ექსპერტი, რომელმაც კონკრეტულ შემთხვევებში ჩაატარა კვლევები და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ორ ბრალდებულთან მიმართებაში და დაადასტურა კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებში ბრალდებულების არსებობა.

ასევე, დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბერს გახდნენ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლი, ისინი არიან დაზარალებულები, შესაბამისად, სასამართლომ დღეს მოისმინა მათი ჩვენებები. ასევე, დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და დაადასტურა აქციის მონაწილეთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ფაქტი,“ - აცხადებს საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე.