ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ - კობახიძე

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტის სულისკვეთება არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ.

„ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. არჩევნების ლეგიტიმაციაზე როდესაც გვესაუბრებიან ის ადამიანები, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, ამას, პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. არ შეიძლება, შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და შემდეგ საუბრობდე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი, ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავად არ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა, ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ, არის შესაბამისი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.