ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე მონღოლეთის დელეგაციას შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადიმერ კახაძესთან ერთად, მონღოლეთის პარლამენტის - დიდი სახელმწიფო ხურალის წარმომადგენლებს შეხვდა.

მონღოლეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

როგორც ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, მონღოლეთის დიდ სახელმწიფო ხურალში აღნიშნულ კანონზე ახლა მუშაობენ და ის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე უნდა მიიღონ.

„საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“  კანონი 2018 წელს მიიღო და ის მაღალი დონის აღსრულებით გამოირჩევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მონღოლეთს მისცა რეკომენდაცია, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ჩვენი გამოცდილება გაეზიარებინათ. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ მიმართულებით მათ უკვე ბევრი რამ აქვთ გაკეთებული. კანონის დახვეწისა და შემდგომი აღსრულებისთვის, მათ აინტერესებდათ როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო უწყებებისა თუ სხვა ორგანიზაციების გამოცდილება - როგორ იმოქმედონ და რაზე გაამახვილონ ყურადღება. მონღოლეთის დელეგაციის წევრებმა მადლიერება გამოხატეს იმ რეკომენდაციებისთვის, რომელიც თამბაქოს კონტროლის აღსრულების მიმართულებით გავუზიარეთ“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.