თელავში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაცვლილი „ტიკტოკერის“ მარის დედაა
1773162531
ჩვენთვის გაზრდილი ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის მეტი შესაძლებლობა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს მისი უშუალო ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ უპრეცედენტო პროექტებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ და ეს არის მიმართული, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაახლოებით 3 მილიონი ლარი მოხმარდება ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის პროექტებს.
„ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები წელს დაახლოებით 3 მილიონ ლარს მოიცავს და გულისხმობს კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციებს, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით დევნილთა პოლიკლინიკების რეაბილიტაციას და ტექნიკური აღჭურვას“, - აღნიშნა ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ქალთა კვირეულზე, რომლის ფარგლებშიც ომში დაღუპული მეომრების დედებისთვის სპეციალური ფულადი დახმარება გამოიყოფა.
„ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩვენს საზოგადოებას შევთავაზეთ სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ადამიანების დედებთან შეხვედრა, მივულოცეთ დედის და ქალთა დღე და გადავწყვიტეთ, რომ 500 ლარიანი ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ. დაახლოებით აპრილის ბოლოს ჩვენ გვექნება სრული სია და შევძლებთ აღნიშნული მხარდაჭერის განხორციელებას.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ღონისძიება, ქალბატონებს შევთავაზეთ უფასო გამოკვლევები, ასევე გვქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა დევნილ მსჯავრდებულებთან, სადაც შევთავაზეთ რესოციალიზაციის პროექტები. მეწარმეობაც ჩვენი პრიორიტეტია, დევნილ ქალ მეწარმეებს შევთავაზეთ საგამოფენო სივრცე, რომელიც არ იქნება ერთჯერადი და დევნილ ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ აღნიშნულ სივრცეში“, - განმარტა გიორგი ჯინჭარაძემ.