ირაკლი კობახიძე: ღია ტექსტით იყო მოწოდება მეორე ფრონტისკენ, ქვეყანა რომ თავზე დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ეს გვითხრეს

ირაკლი კობახიძე

შალვა პაპუაშვილი ყოველთვის აცხადებდა, რომ მასთან იყო კელი დეგნანი მისული მუშტების ბრახუნით და ითხოვდა სანქციების დაწესებას, გაიმართა სამი სხვადასხვა შეხვედრა, ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მე და სამიდან ორ შეხვედრაზე პირდაპირი მოწოდება იყო მეორე ფრონტისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრა შედგა თებერვლის პირველ ნახევარში, მეორე შეხვედრა თებერვლის ბოლოს, ომის დაწყებიდან მალევე, ხოლო მესამე შეხვედრა – მარტის შუა რიცხვებში.

„ამ სამი შეხვედრიდან ორ შეხვედრაზე იყო ღიად საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე. მათ შორის, ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როცა კითხვა დაისვა, რომ დავუშვათ ვეღარ შევაკავეთ აგრესია, რა ხდება ამ შემთხვევაში, პირდაპირ გვითხრეს, პარტიზანულ ომზე უნდა გადახვიდეთო. ამ დონეზე დეტალებზე მიდიოდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ, ღია ტექსტით იყო მოწოდება მეორე ფრონტისკენ. კიდევ უფრო მძიმე რამეს გეუბნებით – ქვეყანა რომ თავზე დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ეს გვითხრეს. ეს კიდევ უფრო მძიმეა. პირველად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე და მერე კიდევ უფრო მძიმე იყო, რომ ტყეებიდან უნდა გვებრძოლა პარტიზანულ ომში. დეტალებში გვქონდა საუბარი, უამრავი კითხვა დაისვა, იყო კითხვები, რომლებზეც არ გვპასუხობდნენ. მაგალითად, იყო ერთი და იგივე შეკითხვა, რომელიც ხუთჯერ დაისვა ჩვენი მხრიდან, ამ შეკითხვასაც არ დავაკონკრეტებ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ხუთივეჯერ დუმილით უპასუხეს. უხეშად ითხოვდნენ ჩართვას. რაღაც კითხვების დასმის უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ მათი გადმოსახედიდან. ასეთი უხეში იყო მათი დამოკიდებულება. მუშტების ბრახუნზე უარესს აკეთებდა ხოლმე ქალბატონი კელი დეგნანი, როცა მოდიოდა ხოლმე შეხვედრაზე. ისტერიკებს აწყობდა ხოლმე. უმძიმესი იყო მისი ნახვა შეხვედრებზე. არაერთი ასეთი ისტერიკა მოუწყვია მას. დარწმუნებული ვარ, იგივე გააკეთა შალვა პაპუაშვილთანაც. სამი შეხვედრა იყო, აქედან ერთს მე ვესწრებოდი. სამი შეხვედრიდან ორზე პირდაპირი მოწოდება იყო მეორე ფრონტისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე მეტი დეტალის თქმა არ ივარგებს.