ირაკლი კირცხალია: მარტივი კითხვა გვქონდა ყოველთვის - დაასახელონ ჩვენი ის ერთი ნაბიჯი, რომელიც იყო რუსული, ვერც ერთს ვერ ასახელებენ

ირაკლი კირცხალია

ეს ყბადაღებული ბრალდება უკვე ანეკდოტად არის ქცეული, იმდენად გააჩალისფასეს ეს ყველაფერი. ერთი მარტივი კითხვა გვქონდა ყოველთვის და ყველგან - საპარლამენტო წიაღში, პირად საუბრებში თუ გადაცემებში: დაასახელონ ჩვენი ის ერთი ნაბიჯი, რომელიც იყო რუსული, ვერც ერთს ვერ ასახელებენ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კოლაბორაციის ბრალდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას "ღამის კურიერის" ეთერში.

კირცხალიას განცხადებით, მათ სანქციების დარღვევის ბრალდებებიც ახსოვთ, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკური სიკეთე არ მიეღო.

"ამ დროს, ამ ყველაფერს გვეუბნება ის ხელისუფლება და ის აგენტურული ქსელი, რომლის ლიდერი და სულიერი მამა, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტურისტებს ეუბნებოდა შემობრძანდითო და უვიზო ჰქონდა გაუქმებული, მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო ჯერ გამშრალი - სააკაშვილზე მაქვს საუბარი და არა მხოლოდ, ზურა გირჩი ჯაფარიძეების და ლაკა ხოშტარიების შესახებ, დღეს რუბლებში რომ შემოსავალს იღებს თურმე და მთელი თეატრალური სამყარო თურმე მის ოჯახზე ფიქრობს, თუ რაიმე ჩანახატია გამოყენებული რომელიმე წარმოდგენაში. ამაზე გვაქვს საუბარი, ვინ გვწამებს ცილს.

გვახსოვს ის საშინელი, ბინძური, ცილისმწამებლური პოლიტიკა, რომ შავი ხვრელია, სარეცხი მანქანები გადადის და ჩიპებს აცლიან ამ სარეცხ მანქანებს და თურმე, რაღაც დრონებს უშვებენ. სანქციების დარღვევაზე ბრალდებებს ვგულისხმობ, ეს ყველაფერი ხომ მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის, საბოტაჟისთვის, მიმართული იყო, რომ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური სიკეთე არ მიეღო. გვახსოვს, შემდეგ როდესაც კომისიები ჩამოვიდნენ, მადლობებს იხდიდნენ, როდესაც შეხედეს. გვახსოვს ერთ-ერთი, ყვითლად გადაღებილი პოლიტიკური პარტია, რომელიც ითხოვდა რუსეთს სანქციები დავუწესოთო. როდესაც ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესება რუსეთის ეკონომიკას ერთ პროცენტსაც ვერ დააკლებდა და რომ დავთვალეთ საშუალოდ, ჩვენი ეკონომიკა 16-17 პროცენტით უნდა დაზარალებულიყო.

ეს ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ეს არის უსტანდარტობა. მაგ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა და შეფარულად, მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტირუსულები, ბევრი [დასავლელი] მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები ბიზნესს აკეთებდნენ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ბინძურ პოლიტიკურ ინტერესთან ერთად, ბინძური მერკანტილური ინტერესებიც იდგა ამ ყველაფრის უკან და ამ ყველაფერმა დღის შუქი იხილა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.