ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში შეხვედრის შემდეგ: ევროკავშირის მიერ სიტუაციის შეფასება ძალიან მკაფიოდაა ასახული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებაში - ჩემი მხრიდან სხვა შეფასება არ მაქვს

პაველ ჰერჩინსკი

საგარეო საქმეთა სამინისტროში 4 ოქტომბრის მომვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები საგარეო უწყების წარმომადგენლებს ხვდებიან.

დიპლომატების ნაწილმა შეხვედრა ცოტა ხნის წინ დატოვა. მედიასთან კომენტარი მხოლოდ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ გააკეთა. ჰერჩინსკის განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მთავრობის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ პერიოდში.

"ვიყავი მოწვეული ჩემს კოლეგებთან, ელჩებთან ერთან. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მთავრობის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ პერიოდში. ევროკავშირის მიერ სიტუაციის შეფასება ძალიან მკაფიოდაა ასახული ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ოფიციალურ განცხადებაში, ჩემი მხრიდან სხვა შეფასება არ მაქვს", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პაველ ჰერჩინსკიმ.