4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს და 2 ძებნილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ჯო

4 ოქტომბერს, დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს და 2 ძებნილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.

უწყების ცნობით, უკვე იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი, 2 პირი კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიცია მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს. უწყება ასევე განაგრძობს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გუშინ დღის ბოლოს გაიმართა, სადაც დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვეს.