1759781795
შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

ამ წუთებში, "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც 4 ოქტომბრის არშემდგარ რევოლუციასა და ხელისუფლების დამხობას უკავშირდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაკავებების ღონისძიების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგისთვის ემზადებიან.
მანამდე კი, ამ გამოძიების ფარგლებში, განსასჯელის სკამზეა 5 პოლიტიკოსი, ხუთივე არშემდგარი რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორი და მონაწილეა - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალი კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობისთვის ედებათ. განსაკუთრებით მძიმე, სამი მუხლი აქვს წაყენებული მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს. მათ პროკურატურა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, ჯგუფურად, ხელში ჩაგდებას და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
ორი მუხლით გასამართლდება თადარიგის პოლკოვნიკი, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის ასევე ყოფილი მეთაური ლაშა ბერიძე. მასაც, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 9 წლის გატარება მოუწევს. ლაშა ბერიძე 4 ოქტომბერს, საღამოს, 19:10 საათზე, პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან ერთად მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლის შტურმში და ხელმძღვანელობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებს. თვითმმართველობის არჩევნების დღეს, სწორედ დემონსტრანტთა ამ ჯგუფმა შეანგრია ორბელიანების სასახლის რკინის ღობე, ფიზიკურად გაუსწორდა სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებს, შემდეგ კი, მძიმე საგნების გამოყენებით, დაუპირისპირდა სპეცრაზმს. განსასჯელთა სკამზე ზის "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, რომლის რევოლუციის სტრატეგიამ 4 ოქტომბერს, ასევე, არ იმუშავა.