გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით გამართლება არ აქვს.

„ვინც ჩათვლის, რომ შესაძლებელია ამ საკითხს სხვანაირად შეხედო, და არ აკრძალო ეს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც აუცილებლად დასვამს კითხვას - თუ რას აკეთდებდა ამ ხნის განმავლობაში, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავის ფილიალებთან ერთად, შინაარსობრივად დანაშაულებრივი რეჟიმია.

როდესაც ხარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, უნდა მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, თუ რაიმე სუბიექტური მიდგომები გაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთი სუბიექტური მიდგომები ვერ დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამიტომაც კობახიძის პირველ მოთხოვნაზე, აცილებასთან დაკავშირებით, უარი უთხრა.

რაც შეეხება მის გადადგომას - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ამას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით არანაირი გამართლება არ აქვს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვერ განიხილება ხოლმე, მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ სამი თუ ოთხი თვეა დარჩენილი მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

✕