1765569542
გიორგი ვოლსკი: რაც უფრო მეტი იქნება შედეგი იმისა, რომ არსებული, რეალური პრობლემები დაიძლიოს, უფრო მეტი იქნება ეს გააფთრებული შემოტევა საქართველოზე. თუკი ამას ხედავს ნიკა [ობოლაძე] იქნება თუ სხვა, რასაკვირველია, მისასალმებელია
თუკი ადამიანები ხედავენ იმას, რომ სწორედაც დაღუპვისკენ მიჰყავს საქართველო ამ პოზიციას, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, რომ ზარი უნდა შემოვკრათ, განგაშის ზარი, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის, ნიკა ობოლაძის კრიტიკა ოპონენტების ქმედებებთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არის საქართველოში, ინვესტიციები იზრდება, ექსპორტი იზრდება, ამას სერიოზული წინააღმდეგობა სდევს თან.
„რაც უფრო მეტი იქნება შედეგი იმისა, რომ არსებული, რეალური პრობლემები დაიძლიოს, უფრო მეტი იქნება ეს გააფთრებული შემოტევა საქართველოზე. თუკი ამას ხედავს ნიკა იქნება თუ სხვა, რასაკვირველია, მისასალმებელია“, - აღნიშნა მან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე ხელისუფლების ოპონენტების ქმედებებს, პოლიტიკასა და განცხადებებს აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს არ არის ის გზა, რომელიც ოპოზიციას წარმატებას მოუტანს. ობოლაძის ამ განცხადებას ოპოზიცია არ ეთანხმება. ისინი ამბობენ, რომ აქვთ სტრატეგია, თუმცა რას გულისხმობს მათი სტრატეგია, ვერ აკონკრეტებენ.












