VIDEO: ბენზინგასამართ სადგურზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მაღაზია ჩაიტანა (უცხოეთი)
1770130210
ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ახალი ფაილების გამოქვეყნების შემდეგ, ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყანაში შესაძლო ადამიანებით ვაჭრობის შესახებ წინასწარი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი მონაცემების უფრო დეტალური შეფასების შემდეგ მიიღო.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ამჟამად ეძებენ იმ პირებს, რომლებსაც რაიმე ინფორმაცია აქვთ ან თავად გახდნენ ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული შესაძლო დანაშაულების მსხვერპლი.
მიმდინარე გამოძიების ფონზე, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის აშშ-ის სასამართლო სისტემას მიმართონ.
„ვიმედოვნებ, ხელისუფლება მიღებულ ინფორმაციას ფუნდამენტურად შეაფასებს. დიახ, ინფორმაცია ძირითადად ანონიმური და რედაქტირებულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იურიდიული დახმარების შესახებ შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მჯერა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეჭვებით ცხოვრება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეპშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო. ახალმა დოკუმენტებმა გამოავლინა ეპშტეინის კავშირები რამდენიმე ლიეტუველ მხატვართან და მოდელთან, ასევე პეტრეიკისების ოჯახთან, რომელთა კულტურულმა ორგანიზაციებმა ეპშტეინის ფონდიდან ათიათასობით ევრო მიიღეს. ასევე, ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ ჯეფრი ეპშტეინმა ბიზნესმენ ვალდას პეტრეიკისის მეუღლეს, სიმონეს ანდერძით 3 მილიონი დოლარი დაუტოვა. ოჯახი დანაშაულებში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მათ გარდაცვლილ ფინანსისტთან მხოლოდ პროფესიული კუთხით კომუნიკაცია ჰქონდათ.