გიორგი ვოლსკი: „იმედის“ და POSTV-ის დასანქცირება პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა

ვოლსკი

 დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

„იმედის და პოსტივის დასანქცირება, მით უმეტეს, რომ არცერთი ინფორმაცია, ამ მედიასაშუალებების გასული, არ არის მოწყვეტილი იმ რეალობას, ფაქტებს, რასაც თავად ბრიტანული, ან უკრაინული მედია აღიარებს, მიგვანიშნებს, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება საქართველოსთან და არა მედიასაშუალებებთან მიმართებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.