1746651279
გიორგი ვაშაძე - „მეგობარმა აქტმა“ დაადასტურა საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, გამოსავალი არის ახალი, ეროვნული არჩევნები ახალი წესებითა და პირობებით

„მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ. „მეგობარმა აქტმა“ დაადასტურა საქართველოში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. გამოსავალი არის ახალი, საერთო, ეროვნული არჩევნები ახალი წესებითა და ახალი პირობებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, „მეგობარმა აქტმა“ მთლიანად შეცვალა და კიდევ ერთხელ ცხადი გახადა ის რეალობა, რაც არის საქართველოში.
„იმ ადამიანებით, ვინც სანქცირებულთა სიაში არის, ცესკო-ს თავმჯდომარეს რომ ეძახის თავს, მის პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები? ან ანტიკორუფციულის ხელმძღვანელს რომ უწოდებს თავს, სანქცირებულთა სიაში რომ არის, მან როგორ უნდა ჩაატაროს არჩევნები? ან იმ პროკურორმა, რომელიც ახლა სანქცირებულთა სიაშია. მის პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები? კითხვას ვსვამ. ეს წარმოუდგენელია. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის შესაცვლელი და ამის შემდეგ ჯერ საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ დანარჩენი ყველაფერი. კითხვას ვუსვამ იმ ხალხს, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას – აქ მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე კი არ არის, ამ პირობებში, როდესაც ცესკო-ს ჰყავს პოტენციურად სანქცირებული ხელმძღვანელი ადამიანი, როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნების ჩატარება? ჯერ გაეცით ამას პასუხი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა.