1692302192
„მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული“ - პროკურორი გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო. მათ 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
საქმის პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებებით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული, ცალსახად დადასტურდა:
„სასამართლოს მიერ მოხდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გაზიარება, რის საფუძველზეც გამოტანილი იქნა ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება - გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა ბრალდებულების მიერ, ამ შემთხვევაში უკვე მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული“, - აცხადებს პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი.
გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი თემურ ადონია კი, გადაწყვეტილებას "დაუსაბუთებელს და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულს" უწოდებს:
„აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული, ვინაიდან მოცემული საქმე წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეს, რისი მტკიცებულებებიც წარმოდგენილი იყო დაცვის მხარის მიერ, დასაბუთებული იყო ჩვენი ეს პოზიცია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი და ჩვენ მას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი თემურ ადონია.