ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
ხელისუფლების მიტაცება როდესაც სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო, ეს არის არა უმწიფარობა, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მოსამართლე ევა გოცირიძემ გიორგი სიორიძეს კითხვა დაუსვა ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარებაზე, ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე, საერთაშორისო აქტორების შუამავლობის შესახებ და ხომ არ არის ეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური უმწიფრობის გამოხატულება და უპასუხისმგებლობა.
როგორც სიორიძემ აღნიშნა, არჩევნები როდესაც გაყალბებულია, მას გაყალბებული უნდა დაუძახო.
„ზედმეტი არასაჭირო დესტაბილიზაციისგან ნამდვილად უნდა ვიხსნათ ეს ქვეყანა, ნამდვილად შეიძლება, უფრო ცივილიზებული ზომებისა და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა, როდესაც გყავს დემოკრატიული ხელისუფლება და არა ავტოკრატიული რეჟიმი, როგორც ჩვენ ვაფასებთ. როდესაც არჩევნები არის გაყალბებული, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო. ეს არის არა უმწიფარობა, არამედ პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის. როდესაც ხედავ, რომ დემოკრატიული მექანიზმები არის ხელყოფილი მმართველი ძალის მიერ, უნდა გქონდეს შესაბამისი ადეკვატური პასუხი.
ოთხი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც დავფუძნდით, ჩვენ ყველაში მივიღეთ მონაწილეობა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2021 წელს და 2025 წელსაც. კი, იყო დარღვევები, ჩვენ გაყალბებაზე ვსაუბრობდით იმისდა მიხედვით, როგორი იყო მასშტაბი, როგორი იყო საჭიროება გაყალბების. ყველაფერს აქვს თავისი გრადაცია. ჩვენ 2021 წლის არჩევნების შედეგებიც ვაღიარეთ და 2025 წლისაც, ვმუშაობდით საკრებულოებში შეუფერხებლად.
2020 წლისა და 2024 წლის არჩევნები განსხვავებული მოცემულობა იყო. 2020 წლის არჩევნებზეც იყო დარღვევები, იყო გაყალბება, გვქონდა ჩვენი შეფასებები და შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი „ქართული ოცნების“ გამო. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, რომ ვმონაწილეობდით პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის სივრცეში. ასეთი სივრცე შეიქმნა თავის დროზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პლატფორმაზე, შემდეგ ისეთი მაღალი წარმომადგენლობის მედიატორის მიერ, როგორც იყო პრეზიდენტი შარლ მიშელი. ეს იყო სწორედ ჩვენი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა, როგორც ოპოზიციური პარტიის, რომ ამ ქვეყანაში დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი. ვისხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური შეთანხმებას, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებას. მას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“, შემდეგ ცალმხრივად დატოვა და ანულირებულად გამოაცხადა. ამის შემდეგ თვეების განმავლობაში მოვუწოდებდით „ქართულ ოცნებას“, რომ დაბრუნებოდნენ პოლიტიკურ შეთანხმებას, რათა კრიზისი არ ყოფილიყო. გადავდგით შემხვედრი ნაბიჯები, შევედით პარლამენტში 2021 წლის გაზაფხულზე, მონაწილეობას ვიღებდით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს იყო პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა. ამ გზით ვმონაწილეობდით ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში, ჩამოყალიბებისა და განხორციელების.
ჩვენ ვხედავდით, როგორ განიცდიდა ქართული დემოკრატია დეგრადაციას, მათ შორის, არასაარჩევნო პერიოდში, როგორ ხდებოდა საქართველოს დაშორება ევროკავშირთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორ ხდებოდა კანონმდებლობის გაუარესება. ჩვენი ამოცანა ხომ იყო ევროპულ ოჯახში დამკვიდრება, ამის თაობაზე გაკეთდა განაცხადი. თავის დროზე იყო ასოცირების შეთანხმება და შემდეგ – კანდიდატის სტატუსი. ვალდებულებები ვიკისრეთ, საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება უნდა მომხდარიყო. ამ ყველაფერზე იყო უკანსვლის ნაბიჯები, რაც დაგვირგვინდა 2024 წლის არჩევნებით. ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორც კონსტიტუციის ერთგული პოლიტიკური ძალის, ვიყენებდით ინსტიტუციური ბრძოლის ყველა მეთოდს, ვასაჩივრებდით საარჩევნო ადმინისტრაციის დონეზე, საერთო სასამართლოების დონეზე, საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ეს იყო ჩვენი პასუხი და პასუხისმგებლობა სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, და არა იმიტომ, რომ უმწიფრობასა და დესტაბილიზაციას ჰქონდა ადგილი. პირიქით, ჩვენი ყველა ნაბიჯი იყო იქითკენ მიმართული, რომ „ქართული ოცნება“ დაბრუნებოდა კონსტიტუციურ სივრცეს, ქვეყანა ყოფილიყო კონსტიტუციურ სივრცეში და არ ყოფილიყო კრიზისი. ასე რომ, პასუხიმსგებლობა მათია და ჩვენ ჩვენსას ვაკეთებდით მაქსიმალურად“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.