გიორგი შარაშიძე: ქართული პოლიტიკის ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში, ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტიდან განსაკუთრებული მოლოდინი არ არის, მაგრამ ცხადია, ეუთო-ს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს

გიორგი შარაშიძე

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი დონის დელეგაციასთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ მათი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ.

შარაშიძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მიზანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი დონის დელეგაციაა. მათ განსაკუთრებულად აინტერესებდათ ჩვენი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ყველაფერი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია. ქართული პოლიტიკის ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში და ამ მხრივ განსაკუთრებული მოლოდინი არ არის ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტიდან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეუთო-ს, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, თავისი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. მათი ოფიციალური მიზანი, რაც ჩვენც დაგვიდასტურეს, არის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ისიც გასაგებია, რომ ეუთო ამ ფორმატში ვერ მიიღებს რომელიმე მხარის მიმართ გამორჩეულ გადაწყვეტილებას, მაგრამ, როგორც მათ გვითხრეს, ამზადებენ სერიოზულ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება, რაც, იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყველა იმ ანტიდემოკრატიულ კანონზე, რასაც „ოცნება“ იღებს. ხაზი გავუსვით იმ ფაქტსაც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს კრიტიკული დასკვნის და რეკომენდაციების მიუხედავად, რაც უნდა გაეთვალისწინებინა „ოცნებას“, სამწუხაროდ, გათვალისწინების და ნაბიჯების წინ გადადგმის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ სრულიად საპირისპირო. პირიქით, უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო იმ ანტიდემოკრატიული კანონით, რაც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის „ოცნების“ საჯარო განცხადებებთან, თითქოს, მათ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის სურვილი აქვთ. ერთი მხრივ, ამას ამბობენ და მეორე მხრივ, იღებენ სრულიად ანტიდემოკრატიულ კანონებს, რაც ერთმანეთთან თავსებადი არ არის“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.