გიორგი შარაშიძე: „ოცნების“ მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც აშშ-ის საყრდენი იყო

გიორგი შარაშიძე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს გვერდის ავლით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არ განიხილავს სანდო და სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში, სადაც ჩვენ თვალწინ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს გარეშე, ახალი ისტორია იწერება და რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებისა და სტრატეგიული მშვიდობის რეალური კონტურები იკვეთება, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ერევანსა და ბაქოში ჯეი დი ვენსის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნება“ არათუ მშვიდობისმყოფელი არაა, არამედ სწორედ მისი ანტიეროვნული პოლიტიკა ქმნის ყველაზე მაღალ რისკებს და საფრთხეებს საქართველოში რეალური, გრძელვადიანი მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.

„პარადოქსია, როცა რეგიონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, ერთადერთი, რაც „ოცნებას“ საკუთარი პროპაგანდით შეუძლია, ქართველ ხალხს შესთავაზოს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან შემთხვევითი პროტოკოლური ფოტოებია.

სიმართლე ერთია და ამ სიმართლეს „ოცნება“ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნით ვერ გადაფარავს, სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მოვლენები საქართველოს გარეშე ვითარდება. პრემიერ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთისადმი აშშ-ის დამოკიდებულება და უპრეცედენტო ინვესტიციები სომხეთის ხელისუფლების სანდოობით, პრეზიდენტ ტრამპთან იდეალური ურთიერთობის და მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევითაა განპირობებული.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების“ თითქოსდა მშვიდობისმყოფელობა მათივე გამოგონილია, რომლისაც პარტნიორებს არ სჯერათ და რომ „ოცნება“ ამერიკისთვის არასანდო პარტნიორია.

აღარაფერს ვამბობთ ტრამპის ადმინისტრაციისადმი დამოკიდებულებით, რომელსაც „ოცნების“ პროპაგანდისტები ხან „დიფ სთეითად“ და ხან ომების გამჩაღებლად მოიხსენიებენ.

„ოცნების“ მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც არც ისე შორეულ წარსულში საქართველო ამერიკის საყრდენი იყო.

დღეს, როცა „ოცნება“ სრულ იზოლაციაშია და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მტრებად აცხადებს, ჩვენი მეზობლები გონივრული პოლიტიკით იღებენ იმ ეკონომიკურ სიკეთეებს და უსაფრთხოების გარანტიებს, რაც საქართველოსაც უნდა მიეღო.

იმისთვის, რასაც „ოცნება“ დღეს საქართველოს აკარგვინებს, ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი. რის გამოც სრული პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. „ოცნების“ ამ მოღალატეობრივი მოქმედებისა მიუხედავად, ჩვენ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში დასაბრუნებლად“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.