ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
ჩვენი საქმე არ არის და არც გვაინტერესებს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხის გარჩევა არასერიოზულია.
„ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემიდან არა თუ მეორეხარისხოვანი, არამედ მეასეხარისხოვანია. ამ ფონზე, საკითხის გარჩევა არასერიოზულია. არც გვაინტერესებს და ჩვენი საქმე არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ თავად თუ ცდილობს, რეალური პრობლემებიდან ინტერესი, ყურადღება გადაიტანოს, ვინ შეიძლება გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ უპასუხისმგებლობას“, – განაცხადა შარაშიძემ.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, დატოვებს თუ არა „ოპოზიციის ალიანსს“ „ნაციონალური მოძრაობა“, შარაშიძემ უპასუხა, რომ ესეც ამ პარტიის გადასაწყვეტია.
„ესეც მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის ფარგლებშიც და ალიანს მიღმაც წითელი ხაზია, წერტილი. ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზი იყო, არის და მომავალშიც წითელი ხაზი იქნება. ალიანსში დარჩება, თუ ალიანს მიღმა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ბოიკოტისტებთან საქმე არ გვაქვს. ბოიკოტის იდეას თავიდანვე გავემიჯნეთ და ვამბობდით, რომ ეს იყო გზა არსაითკენ. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, ბოიკოტს მოეტანა, იქნებოდა „ოცნების“ ავტოკრატიული რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმება. სწორედ ეს მოხდა 4 ოქტომბრის შემდეგ. ჩვენ კავშირი არ და ვერ გვექნება იმ ხალხთან, პოლიტიკურ ძალებთან, ვინც, პირდაპირ თუ ირიბად, თავად არიან 4 ოქტომბრის პროვოკაციის შემოქმედი, რამაც ათობით ადამიანის პატიმრობა გამოიწვია, ოპოზიცია და მშვიდობიანი პროტესტი დაასუსტა, მხოლოდ „ქართული ოცნება“ გააძლიერა და ამ ყველაფერზე არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღიათ. თავად ჩამოყალიბდნენ, ვინ დარჩება და ვინ დატოვებს ალიანსს, ვინ რომელი პარტიის თავმჯდომარე გახდება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამასთან, როგორც გიორგი შარაშიძემ შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ბედი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ.
„ჩვენ ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ საქართველოს ბედი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. ეს არჩევნების კონტექსტთანაც კავშირშია. იმიტომაც ვამბობდით ყოველთვის, რომ ხელისუფლება დემოკრატიული, მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს, რადგან არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობენ. ეს ერთმანეთთან კავშირშია. ჩვენი სახით როდესაც არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით შეგვიძლია, შევცვალოთ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს ბედი საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია და აქაც წერტილი უნდა დავსვათ“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.