გიგა ფარულავა: გვჯერა სტრატეგიული პარტნიორების კეთილგონიერების, რომ კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც ამოქმედდება, საქართველოს რიგით მოქალაქეებს არ დააზიანებს

გიგა ფარულავა

ბრიუსელში, მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვა სწორედ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების და დადებული მძიმე დასკვნის გამოძახილია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სათავეში გონიერი ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ამ მექანიზმის გამოყენება არ მოხდებოდა.

„ამ დოკუმენტისა და ხელისუფლების რიტორიკის ფონზე, არ გვაქვს დადებითი მოლოდინები, რა შედეგები შეიძლება იყოს. ჩვენ გვჯერა სტრატეგიული პარტნიორების კეთილგონიერების, რომ ის კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც ამოქმედდება, საქართველოს რიგით მოქალაქეებს არ დააზიანებს და „ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს შეეხება, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ამ პოლიტიკაზე. რაც შეეხება „მოსკოვის მექანიზმს“, ქვეყნის სათავეში გონიერი ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ამ მექანიზმის გამოყენება არ მოხდებოდა. ხელისუფლება ეუთო-ს თან ერთად უნდა საუბრობდეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომ ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად არ დაზიანდეს და პოლიტიკის ნორმალიზება მალე მოხდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, „ოცნების“ რიტორიკა არ შეცვლილა და იმას, რასაც თავადაც ვერ უარყოფენ – ძალადობას, პოლიტიკურ შანტაჟს, აბსურდად აცხადებენ და არ აპირებენ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას, რომ სახელმწიფო ინტერესები გადარჩეს“, – აღნიშნა გიგა ფარულავამ.