იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შიდა სახმელეთო წყლებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხებს ეხება

კომიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკანონმდებლო ცვლილებებით, შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიერ კანონმდებლობის დარღვევისთვის და საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის სანქციები წესდება.

კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალების სახელისა და სარეგისტრაციო ნომერის აღნიშვნის გარეშე ან შეჩერებული რეგისტრაციით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდული პირის - 1000 ლარით.

ცვლილებებით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდული პირის - 1000 ლარით.

მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, სანქციები წესდება ასევე: შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება და შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებებზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევისთვის.

მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და ასევე ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის ჯარიმების დაწესებას.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კანონპროექტის ინიციირების შემდეგ პროექტს დაემატა ნორმა, რომელიც საზღვაო ნავსადგურებში შესაბამისი თევჭერის აკრძალვასთან დაკავშირებულ სანქციებს ითვალისწინებს.