გია ვოლსკი: დაშვება არ არის ე.წ. გრანტებზე, რომელიც „შავ ფულს“ წარმოადგენს და რაზეც ლაპარაკობს მარტა კოსი, გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ „შავი ფული“ საქართველოშიო, სწორედ ამის წინააღმდეგაა კანონი

გია ვოლსკი

არავითარი რეპრესია არ არსებობს. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას, როგორ მოამზადონ „მოლოტოვის კოქტეილი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გრანტების არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.

„წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება. ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა? თქვან, რა თანხაა, ვინ გადმოაგზავნა და რას ხმარდება. მეტი არავითარი მოთხოვნა არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ოჯახმა ოჯახის წევრს უცხოეთიდან გადმოურიცხოს თანხა ან ვიღაცამ ნათამაშები როლისთვის მიიღოს ჰონორარი, რასაკვირველია, ეს კონტროლს დაქვემდებარებული არ არის, დასაშვებიც არის და მისასალმებელიცაა. ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა. კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია – ყველანაირ გრანტზე დაშვებაა, რომელიც ქვეყნის განვითარების ინტერესებს ეხება. დაშვება არ არის იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც „შავ ფულს“ წარმოადგენს და რაზეც ოფიციალური ტრიბუნიდან მარტა კოსი ლაპარაკობს, გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ „შავი ფული“ საქართველოშიო. ეს კანონი სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიღებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.