გახარიას არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია, რომ ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის ეპიზოდთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, გახარიას არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია იმაზე, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა.

"არავითარი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ან ვერ მოვიდოდა, ან არ მოვიდოდა, ან ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. ის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც მიიღო შეტყობინება, დაადასტურა და არაფერი არ უთქვამს, რომ ან დაგეგმილი აქვს უცხოეთში ვიზიტი და მხოლოდ, როდესაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, მერე შეგვატყობინა, რომ - უი, მე წავედი ქვეყნიდან, ვერ მოვალ და მოდი ჩამრთეთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რას ვაკეთებთ. ან უნდა ვუყაროთ კენჭი და ეს საკითხი გადავაგზავნოთ პროკურატურაში, ან კიდევ სხვა ტიპის მიდგომა ავირჩიოთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გახარიას ხელახლა მოსმენა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ის პარლამენტში არ მივიდა. სხდომამდე ერთი დღით ადრე, მისმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომ გახარია ქვეყანაში არ იმყოფება და მზად არის, კომისიას დისტანციურად ესაუბროს. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე დღეს ითქვა, რომ ონლაინ ჩართვაზე მათ ლიდერს კომისიამ უარი უთხრა.

მმართველ გუნდში განმარტეს, რომ ონლაინ ჩართვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, გახარია კი კითხვებს გაექცა.