გაერო-ს უშიშროების საბჭომ NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე იმსჯელა

ნატო

NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ იმსჯელა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი უგუნურ ქმედებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ალიანსის საჰაერო სივრცის დარღვევა NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იმპერიების დრო წასულია და რუსეთის იმპერია არ აღდგება. პოლონეთმა რუსული მხარე გააფრთხილა, რომ მზადაა, ნებისმიერი თვითმფრინავი ჩამოაგდოს, რომელიც დაარღვევს ქვეყნის საჰაერო სივრცეს - მოკავშირეები დაიცავენ NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს.

რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ასეთი სახიფათო ქცევა, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გააკეთა.

თავად რუსეთი NATO-ს სახელმწიფოების საჰაერო დარღვევის ფაქტებს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ესტონეთის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ავიაგამანადგურებლის შეჭრასთან დაკავშირებით გაიმართა.