გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მოილოცა, ადგილობრივ მეცნიერების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

დაჯილდოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრმა გივი მიქანაძემ რაბათის ციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის მასშტაბით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის.

უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რაბათის ციხეში ასევე ჩატარდა მეცნიერების ფესტივალი, რომელიც რეგიონებში მეცნიერების პოპულარიზაციის,  ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების  მიზნით 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე ადგილზე გაეცნო მეცნიერების ფესტივალის მიმდინარეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს. ფესტივალში როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები, ასევე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სტარტაპერები და ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.