„პირისპირ შევეჩეხე და დავინახე, რომ...“ - რა ჩვენება მისცა მოწმემ სასამართლოს ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე

ლევან ჯანგველაძე

„ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქალაქო სასამართლოში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმე გამოიკითხა. 

მათ შორის იყო თვითმხილველი, მარიამ კაპანაძე რომელიც ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას პირადად შეესწრო. მოწმე ადასტურებს, რომ მკვლელი დაინახა და ის გელა უძილაურია.

„რამდენჯერმე კიდევ ესროლა პისტოლეტიდან, რის გამოც ზემოხსენებული მამაკაცი დავარდა ქვეითთა გადასასვლელზე, ე.წ ზებრაზე რის დანახვაზეც ინსტინქტურად დავიყვირე, რომ შეეჩერებინათ მანქანა და ინსტინქტურად გადმოვხტი მანქანიდან, რათა დაზარალებულს დავხმარებოდი. მანქანიდან გადმოხტომის შემდეგ გავიქეცი ასფალტზე დავარდნილი მამაკაცის მიმართულებით, ხოლო შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც ესროლა ზემოხსენებულ ორ მამაკაცს სწრაფად მოძრაობა დაიწყო ჩემგან საპირისპირო მიმართულებით ზებრა გადასასვლელზე და მე მას შევეჩეხე პირისპირ და დავინახე, რომ იგი პისტოლეტს იდებდა საქამრეში. ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე არის კარგი განათება დავინახე, რომ აღნიშნულ პირს ტანთ ეცვა მოშავო ფერის ქურთუკი, მოლურჯო ფერის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი, თავზე ეხურა შავი ფერი კეპი...“, - თქვა მოწმემ დღევანდელ სხდომაზე. 

შეგახსენებთ, რომ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.