1758568351
2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა

მამაკაცთა შორის ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, France Football-ის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა. მეორე ადგილი „ბარსელონას“ ესპანელმა შემტევმა, ლამინ იამალმა დაიკავა.
28 წლის ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და უეფა-ს სუპერთასი მოიგო. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 53 შეხვედრაში მან 25 გოლი გაიტანა.
მეოთხედ ისტორიაში პრიზი გათამაშდა სეზონის (2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 13 ივლისის პერიოდი) და არა კალენდარული წლის შედეგების მიხედვით. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის ასეულში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა.
გათამაშების ორგანიზატორმა, France Football-მა ასევე გამოავლინა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც. ზედიზედ მესამედ, ეს ჯილდო „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, აიტანა ბონმატის ერგო.