1770234507
"ფასების პრობლემა რომ არსებობს ქვეყანაში, ამას ყოველთვის ვამბობდით. ფასები არის არაადეკვატურად და უსამართლოდ მაღალი" - გიორგი შარაშიძე
რა ფაქტორები განაპირობებს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის არსებულ ფასებს და როგორ არის შესაძლებელი მისი დაწევა - საკითხის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მომავალი კვირიდან აქტიურ მუშაობას იწყებს.
კომისიამ გუშინ პირველი, საორგანიზაციო ხასიათის სხდომა გამართა. 14 წევრისგან შემდგარ კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქცია "საქართველოსთვის". კომისია მომავალი კვირიდან ფასებზე დაკვირვების მიზნით სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მიიწვევს.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ფაქტია, რომ ქვეყანაში სურსათზე მაღალი ფასებია, რაც უნდა დარეგულირდეს.
"ფასების პრობლემა რომ არსებობს ქვეყანაში ამას ყოველთვის ვამბობდით. ფასები არის არაადეკვატურად და უსამართლოდ მაღალი. შემდეგი კვირიდან დაიწყება მუშაობა. პირველ ეტაპზე, გამოკითხვის სტადია იქნება და შემდეგ გადავალთ ჩვენს რეკომენდაციებზე და შეთავაზებებზე", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ












