ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში - თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

 საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაცრ აღსრულებას და ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ როგორც პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულ, მჭიდრო მუშაობას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სანქციების ეფექტიანი აღსრულება.

„საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაცრ აღსრულებას და ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ როგორც პასუხისმგებლობიანი პარტნიორი. სანქციების დაწესების დღიდან თანმიმდევრულად უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ტერიტორია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. სწორედ ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოს ნავსადგურებიც, სადაც უკვე მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულ, მჭიდრო მუშაობას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სანქციების ეფექტიანი აღსრულება და თავიდან იყოს აცილებული მათი გვერდის ავლა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.