1790539005
ეს კონსპირაციული გეგმა კონკრეტული სცენარის ნაწილია - რომ არ იყოს მშვიდობა" - გია ვოლსკი გვარამიას მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე
აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კვლავ შეფასების საგანია. "ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია" - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებებს.
უმრავლესობაში გარე დავალების შესრულებაზეც აკეთებენ აქცენტს.
გვარამიას აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონკრეტულ ჯგუფები არ უჭერენ სამშვიდობო პოლიტიკას მხარს და სურთ საქართველო მუდმივად უარყოფით კონტექსტში იყოს წარმოჩენილი.
"ეს კონსპირაციული გეგმაა, რომელიც კონკრეტული სცენარის გარკვეული ნაწილია, რომ არ იყოს მშვიდობა, არ განვითარდეს სამშვიდობო პროცესი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივად იყოს ნეგატიურ განზომილებაში საუბარი.
თავად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წარმოჩნდეს ისეთი ჯგუფები, აფხაზურ საზოგადოებაში, რომლებიც სწორედაც რომ არ უჭერენ ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, არამედ საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი და ასეთი ხალხი არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთა. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს " - შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კარგ მაგალითად კი ფაშინიანი მოიყვანა, რომელმაც ყარაბაღი დათმო. გვარამია ასევე ამბობს, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან და ამას სიყვარული ვერ შეცვლის.










