ეს იყო დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს, არავითარი ჟურნალისტი, თუკი მე გადამეღობები. „იმედს“ ჰქონდა სარედაქციო თავისუფალება, რაც არ აწყობდა სააკაშვილს იმიტომ, რომ ღუპავდა ამ რეჟიმის რეპუტაციას - სოფო ნიკოლაიშვილი "იმედში" შეჭრაზე

სოფო ნიკოლაიშვილი

ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს ამ ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი, თუკი მე გადამეღობები. იმიტომ, რომ „ტელეიმედს“ ჰქონდა თავისი სარედაქციო თავისუფალი, ობიექტური პოლიტიკა და „ტელეიმედი“ აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს და პირდაპირ მათი აღქმით და ასეც იყო, ღუპავდა ამ რეჟიმის რეპუტაციას, - განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დაიწყო მედიის მიტაცება და „იმედი“ იყო ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე.

სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, რაც არხის „გამოშიგვნას“ უკავშირდებოდა.

„ეს მოვლენები ასე არ დასრულებულა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა მეთოდი აქვს, განადგუროს თავისუფალი მედია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს დროის საკითხი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცოდა თავისუფალი მედიის ფასი. იმიტომ, რომ სწორედ ამ მედიამ მოიყვანა ის, შევარდნაძის ოპონენტი იყო და ოპოზიციაში ახალგაზრდა ლიდერი და ა.შ. მედია ედგა მას მხარში რევოლუციის პერიოდში. სხვათა შორის მე მაშინ „მზეში“ ვმუშაობდი და „მზეს“ განსხვავებული პოზიციები ჰქონდა და ამის გამო ხშირად მოღალატე მეძახეს მაშინაც. ამით იმის დაფიქსირება მინდა, რომ მე მისი [სააკაშვილის] მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ.

მიშა სააკაშვილმა, რაც დაიწყო, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, ეს იყო ამ მედიის განადგურება. მიიტაცა მედიები და ერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო „იმედი“. დარბევის შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, ეს იყო „იმედის“ გამოშიგვნა შიგნიდან. გადაბირება თანამშრომლების „ჩაძირული გემიდან“. ასე გვარწმუნებდნენ, რომ „იმედი“ მაინც ვერ აღდგებოდა. თანამშრომლებზე იყო უდიდესი ზეწოლა“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.