1750017082
"ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის" - დავით მათიკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში ისევ მწვავე დაპირისპირების მიზეზია.
ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს, რომელიც 4 ოქტომბრის მარათონს პოლიტიკურ შესაძლებლობად განიხილავს, პარტნიორი პარტიები ღალატსა და საერთო ოპოზიციური გეგმის რღვევაში ადანაშაულებენ.
გახარიას გუნდი ემზადება, "ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ცვლილებისთვის" კი ისევ კატეგორიულ უარზეა.
ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება არაფერს ცვლის მმართველი გუნდისთვის, სადაც მუნიციპალური არჩევნებისა და მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, რადგან, მისი თქმით, "ქართული ოცნება" 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიპოვებს გამარჯვებას.
"რადიკალური ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობს. "ნაცმოძრაობის" ვითომ პრინციპული პოზიცია კვლავ ძალაშია, თუმცა რადიკალებში პრინციპულობას ნუ ვეძებთ. ისინი ყველანი აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ საქართველოში. რაც მათი პატრონების ნება-სურვილი იქნება, მისი აღმსრულებლები იქნებიან. მოვისმინეთ ევროპარლამენტიდან კონკრეტული მითითებები არჩევნებში მონაწილეობაზე.
ფაქტი არის ერთი და შედეგი იქნება ერთი - 64-ვე მუნიციპალიტეტში "ქართულ ოცნებას" ექნება დამაჯერებელი გამარჯვება. ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ისინი მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, შედეგი, პრაქტიკულად, ერთი და იგივე იქნება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.