ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელა

ეკონომიკის კოკიტეტი

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი სკოლებისა და ბაღების მშენებლობისთვის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებების შემოღებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ცვლილებები ხელს შეუწყობს, რომ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, რომელსაც საჯარო დაწესებულებები ახორციელებენ, მოქნილი და მიწის ნაკვეთის არსებულ რესურსზე მორგებული გახდეს.

კანონპროექტის თანახმად, კოდექსს 141¹¹ მუხლი დაემატება, რომელიც საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობ დროებით ღონისძიებებს ითვალისწინებს.

კერძოდ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებით.

უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო დაწესებულებებს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან სამშენებლო ნებართვებისათვის გადახდილი მოსაკრებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის.

სხდომაზე, კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული -„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ტურიზმის ახალი კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კანონის პრაქტიკაში განხორციელებამ რიგი გამოწვევები გამოავლინა.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.

ასევე, ცვლილებებით მოწესრიგდება რისკის შემცველი მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია. კერძოდ, ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლის ნაცვლად, კანონში გამოყენებული იქნება ტერმინი - „რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი“.

ამასთანავე, კანონპროექტით, ხელახლა განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები.

კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.

კომიტეტის სხდომაზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე ისაუბრა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
ცვლილებები მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების შეთავაზებას, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას უზრუნველყოფს.

„კანონმდებლობით გათვალისწინებულია „შავ სიასთან“ და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება. კერძოდ, დღეისათვის „შავ სიაში“ მოხვედრა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ცვლილების თანახმად, კი ერთმანეთისგან იმიჯნება შემთხვევა, როდესაც სიაში მოხვდები ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო და შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვა ერთი წლიდან ორ წლამდე იზრდება და ეს შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელზე და პარტნიორზე“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ამახვილებს, რაც ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში გამოიხატება.

კანონპროექტები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.