ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ტენდენცია არის ზრდა, თან უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით ზრდა - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

"რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ, რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, სად ჩავიდა ჩვენი ეკონომიკა და საიდან დავიწყეთ ამოსვლა. აქ მთავარია ტენდენცია - ტენდენცია არის ზრდა და თან, უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით ზრდა, რომელიც ევროპაში არცერთ ქვეყანას არ აქვს," - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

"გასაგებია, რომ ის განვითარებული ქვეყნები ასეთი სწრაფი ტემპით შეიძლება არ იზრდებოდნენ და ჩვენ მეტი შესაძლებლობები გვაქვს, რომ გავიზარდოთ, კი ბატონო, არიან ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები, მაგრამ იმასაც შევხედოთ, ჩვენი ეკონომიკა ზემოთ მიდის, ქვემოთ მიდის თუ ერთ ადგილზე დგას?! როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ - კი, ევროკავშირი არის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანება. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩემი ქვეყანა ამ ქვეყნებს შორის როდესაც მოხვდება, იყოს კონკურენტუნარიანი და შეძლოს იმ სივრცეში არსებობა იმ ძლიერ ეკონომიკებთან ერთად.

ამას ქვეყანა შეძლებს სწორედ სტაბილური ეკონომიკური განვითარების ტემპით და იმ პოლიტიკის გატარებით, რა პოლიტიკითაც ეს იქნება შესაძლებელი. რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, დავბრუნდებით ისევ და ისევ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და სტაბილურ განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის უცხოურ ინვესტიციას იზიდავს და ესეც მეტყველებს რაღაცებზე, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან და ჩვენს მომავალთან," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.