ეკა სეფაშვილი: სასწორის ერთ პინაზე არის სახელმწიფოს გადარჩენა, ქართული კულტურის, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნა თვითმყოფადობა. მეორე პინაზე იმდენად მსხვილი ფსონი დევს, რომ ამას ვერაფერი გადაწონის

ეკა სეფაშვილი

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, უბრალოდ არ არსებობს ის გზა, რომლითაც შეგვიძლია უკან რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელთან ურთიერთობა გამწვავებულია იმიტომ, რომ ისინი საწადელს ვერ აღწევენ.

„მათი საწადელი, პირველ რიგში, არის მთავრობის შეცვლა. დემოკრატიული მეთოდებით ამას ვერ ახერხებენ. ძალისმიერი მეთოდებით უნდათ ამის გაკეთება. რევოლუციის ხუთი მცდელობა გამოვიარეთ და კვლავ ვერ მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა გრძელდება და ასეთი სხვადასხვა გამოვლინებებია. წერტილოვანი დარტყმები იქნება, იურიდიული თუ რეპუტაციული ზიანები, ეს ჰიბრიდული ომი სხვადასხვა საშუალების გამოყენებას ემსახურება.

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, უბრალოდ არ არსებობს ის გზა, რომლითაც შეგვიძლია უკან რაიმე ნაბიჯი გადავდგათ. სასწორის ერთ პინაზე არის ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენა, ჩვენი ქართული კულტურის, თვითმყოფადობის, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნა თვითმყოფადობა და დღეს ჩვენ ქართველები ქართულად ვსაუბრობთ. გვაქვს სახელმწიფოებრიობა, რომლის ისტორია 3 ათას წლოვანია, ეს დგას სასწორის ერთ პინაზე. მეორე პინაზე არის, დავმორჩილდეთ ამ რეპუტაციულ ზიანს, ვაიმე ჩვენზე რას იფიქრებენ, ვაითუ მოგვიწიოს ევროპაში ვიზით გადაადგილება, ხომ არ დავკარგავთ ამ სიკეთეს. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ეს სიკეთე, იგივე უვიზო მიმოსვლა, რეპუტაციული ზიანი ან თუნდაც გარკვეული ფინანსური შეზღუდვები სასიამოვნოა, ან ადვილი ასატანია, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე იმდენად მსხვილი ფსონი დევს, რომ ამას ვერაფერი გადაწონის. სწორედ ამას აცნობიერებს ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა. სწორედ ამაში აკეთებენ ძალიან დიდ საქმედ „იმედი“, POSTV და სწორედ ამიტომ ხდება ამ ბრძოლის გაგრძელება“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.