დიმიტრი ხუნდაძე ავტომობილების იმპორტის წესებში დაგეგმილ ცვლილებებზე: მე ვხედავ რისკებს, რომ შესაძლოა, მოხდეს ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომლებსაც ასაკი ექნება პატარა, მაგრამ იქნება ძალიან დაზიანებული

დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებსაც შესაძლოა, ავტომობილების იმპორტის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები შეიცავდეს.

მისი თქმით, საჭიროა გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება და ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კანონპროექტში მისი ინიციატივებისა და იდეების გათვალისწინება, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ერთი კომპრომისი უკვე ვიხილეთ და მან ამისთვის პრემიერს მადლობაც გადაუხადა.

„მაგრამ ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რომელიც რეალურად მოგვიტანს იმ შედეგს, რომ ამ რეგულაციებით ავტოპარკის გაუმჯობესება დინამიკურად და რეალისტურად მოხდეს. ასევე ვერ ვნახე, რომ ეკოლოგიური გაუმჯობესების იმ ხარისხს მივაღწევთ, რაც დააზღვევს მოქალაქეების ჯანმრთელობას.

ინიციატივა გამოტანილია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო მანქანებზე, რომლებიც არის მაღალი ცვეთადებით გამორჩეული - სპეცტექნიკა, სატვირთო მანქანები და რომლებიც უფრო მეტად აზიანებს და აბინძურებს გარემოს, რეგულაცია არ არის შემოტანილი.

ასევე მე ვხედავ რისკებს, რომ შესაძლოა, მოხდეს ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომლებსაც ასაკი ექნება პატარა, მაგრამ იქნება ძალიან დაზიანებული და ასევე, ვიცით შემთხვევები, როდესაც 2-3-4 მანქანიდან ერთს აწყობენ. რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.

ასე რომ, ამას სჭირდება გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება. ამ პროექტს არ აქვს გაკეთებული ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება. ამ სექტორში ჩართულია ძალიან ბევრი მოთამაშე. ავტოინდუსტრიაში და მის მონათესავე დარგებში დაახლოებით 255 ათასი მოქალაქე არის დასაქმებული. საბიუჯეტო შემოსავლები ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მილიარდები ბრუნავს ამ ინდუსტრიაში. რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები, რომ გარემო უნდა გავაჯანსაღოთ, მაგრამ არა ისე, რომ არა გამოგვივიდეს სასურველი მიზანი, არამედ უკუშედეგი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემუშავებულ კანონპროექტში, გარკვეული ცვლილებები შევიდეს.