დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება

kk

დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები დასახელებულ კანდიდატს კენჭს უყრიან.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი.

გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ წარმოდგენილ კანდიდატზე პარლამენტი იმსჯელებს და შემდგომ გახდება ცნობილი უმრავლესობის გადაწყვეტილება.

„ის [იორგი გვარაკიძე] მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე წლების განმავლობაში, მათ შორის პროკურატურაში. თუ მისი კანდიდატურა გადმოინაცვლებს საქართველოს პარლამენტში მხარს აუცილებლად დავუჭერთ“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ტურძელაძემ „ქრონიკასთან“.

„იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება გენერალურ პროკურორად, ცხადია, წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. გენერალური პროკურორის კანდიდატურას ასევე ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და შესაბამისად, მისი კანდიდატურა გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს“, - აღნიშნა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა ვახტანგ ჩოჩიამ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა, რის შემდეგაც პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი 84 ხმით აირჩია.